რა ჩვენება მისცა ბურჯანაძემ სააკაშვილის წინააღმდეგ და როგორ დაეხმარა ის გელაშვილს 2005 წელს
“ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების შინაარსზე ყვება.
როგორც ბურჯანაძე აცხადებს, ვალერი გელაშვილი თავდასხმიდან მალევე საავადმყოფოში ნახა, რომელმაც ბურჯანაძეს ქვეყნის დატოვებაში დახმარება სთხოვა.
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მიხეილ სააკაშვილის ნებართვის გარეშე ვერ მოხდებოდა.
“ვალერი გელაშვილმა მთხოვა, რომ ქვეყნის დატოვებაში დავხმარებოდი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკლავდნენ. მას პასპორტთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდი, ყველა ზომა მივიღე, რომ დაახლოებით 2 საათის ვადაში მისთვის პასპორტი დაემზადებინათ. ამ პასპორტით ვალერი გელაშვილმა საქართველოს დატოვება შეძლო. ეს ყველაფერი უკავშირდებოდა სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას და ის, რომ ეს იყო საგანგებო დავალება და ამაში სახელმწიფო სამსახურები, რომ იყვნენ ჩართულები, ეს დღეს ეჭვს ნამდვილად არ იწვევს. ცხადია, ამას სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე ვერავინ ვერ გააკეთებდა“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “მაესტროს” ეთერში.