“ალ-ქაიდას” საფრთხე იზრდება” – გაერო
გაერო ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ გაცვლილ სადაზვერვო ინფორმაციას ეფუძნება.
დოკუმენტში საუბარია ტერორისტულ დაჯგუფება “ალ-ქაიდაზე”, რომელიც, დასავლეთის დაზვერვის თანახმად, ავღანეთის მთავრობაში “თალიბანის” მოსვლით არის შთაგონებული და ისეთ პოზიციებს იკავებს, როდესაც “მსოფლიოს მთავარ ტერორისტულ დაჯგუფებად და დასავლეთისთვის ყველაზე დიდ გრძელვადიან საფრთხედ შეიძლება, განიხილებოდეს”.
აღინიშნება, რომ, “თალიბანის” მმართველობის პირობებში, “ალ-ქაიდა” გარკვეული თავისუფლებით სარგებლობს. ეს კი დაჯგუფების ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს, უფრო ხშირად და მარტივად დაუკავშირდეს საკუთარ ფილიალებს და მიმდევრებს, ასევე, თავი მეტად მიმზიდველად წარმოაჩინოს ახალგაზრდების მოზიდვის დროს, ვიდრე მათი კონკურენტი “ისლამური სახელმწიფოა”.
„ალ-ქაიდასთვის” დღეს არსებული საერთაშორისო კონტექსტი ხელსაყრელია. მას სურს, კვლავ იყოს აღიარებული გლობალური ჯიჰადის ლიდერად“, – ნათქვამია გაერო-ს მოხსენებაში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ “ალ-ქაიდას” ლიდერი, აიმან ალ-ზავაჰირი “ცოცხალია და თავისუფლად ურთიერთობს დაჯგუფების წევრებთან”. მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის მძიმედ არის ავად და სიკვდილს ებრძვის.