ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს (508 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარებას გამოუყოფენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატები უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომის აუცილებლობაზე ერთხმად შეთანხმდნენ.
როგორც მან აღნიშნა, მისი წინადადების შემდეგ მინისტრებმა პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც უკრაინისთვის კიდევ 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფას გულისხმობს.
ამასთან, ბორელმა დაადასტურა, რომ მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროკომისიის უახლესი წინადადება რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვისა და სანქციების გაფართოების საკითხში შესწორების შესახებ და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩები ზომებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მიმდინარე კვირაში გამართავენ.