თეა წულუკიანი: საქართველო არ უბრუნდება ავტორიტარიზმს
“საქართველო არ უბრუნდება ავტორიტარიზმს”, – ასე ჰქვია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის საპასუხო წერილს, რომელსაც The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.
იუსტიციის მინისტრი წერილში, ამავე გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას სახელწოდებით: “ქართული სირცხვილი” ეხმაურება.
იგი საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, აპროტესტებს The Wall Street Journal-ის წერილში გამოთქმულ შეფასებას, სადაც საქართველო მოხსენიებულია, როგორც დემოკრატიული პრინციპების მოღალატე, ხოლო მოქმედი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ “პოლიტიკურ შურისძიებაშია” დადანაშაულებული.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წაყენება მოხდა არა საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ამას სარედაქციო სტატია გულისხმობდა, არამედ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, რომელიც მინისტრის თქმით, 2013 წელს იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოში გატარებული ფართო რეფორმების ნაწილი.
“მიხეილ სააკაშვილისა და ზოგიერთი მისი ყოფილი კოლეგის წინააღმდეგ აღძრული საქმეები შორს არის ტრივიალურობისგან და სრულად უნდა იქნას გამოძიებული.
პროკურატურამ მიიღო თითქმის 20 ათასი მოქალაქის საჩივარი ყოფილი მმართველი პარტიის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის თაობაზე. ხელისუფლებას გააჩნია კანონიერი ვალდებულება, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. სააკაშვილს ბრალი ედება ძალადობრივი გზით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით, როგორც ამას “ჰუმან რაითს ვოჩ”-ი (Human Rights Watch) ადასტურებს. 2007 წელს მომხდარმა ამ სამარცხვინო ქმედებებმა საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა მოთხოვნები დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის თაობაზე“,-აღნიშნავს წულუკიანი.