ირაკლი ხელაძე: 12 ივლისს მართლაც უმსგავსო ფაქტთან გვქონდა საქმე – ოპოზიციამ არ გაითვალისწინა ჩვენი კოლეგების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხარი არ დაუჭირა სხდომის გახსნას
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ხელაძემ კომენტარი გააკეთა 12 ივლისის საკრებულოს სხდომის ჩაშლაზე და ამაში ოპოზიცია დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ოპოზიციამ საკრებულოს უმრავლესობის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.
„ვუერთდები ჩემი კოლეგების განწყობას იმასთან დაკავშირებით, რომ 12 ივლისს მართლაც უმსგავსო ფაქტთან გვქონდა საქმე. ოპოზიციამ არ გაითვალისწინა უმრავლესობის, ჩვენი კოლეგების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხარი არ დაუჭირა სხდომის გახსნას. იმ სხდომაზე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გატანა იგეგმებოდა. სხდომის ჩაშლით თქვენ უარი უთხარით გიორგი ანწუხელიძის ოჯახს, რომელსაც სოფელ თხინვალაში გადავცემდით სამოსახლო ტერიტორიას, თქვენ უარი უთხარით კოოპერატივით დაზარალებულებს, იმ ადამიანებს, რომელთაც თქვენი ხელისუფლების პერიოდში ჯერ მოლოდინის რეჟიმში ამყოფებდით, ფართებს არ უკანონებდით, შემდეგ უარი განაცხადეთ, რომ მათი საკუთრების უფლებები დადგენილიყო,“- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.