ქვეწარმავლები დედაქალაქში – თბილისში გველმა 17 ადამიანი დაკბინა

  თბილისში, ივლისის თვეში გველმა 17 ადამიანი დაკბინა, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.
„112“-ს ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქში ერთი თვის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში ქვეწარმავლების შესახებ 180 შეტყობინება დაფიქსირდა.
როგორც „კვირას“ წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგმა სოსო კუტუბიძემ განუცხადა, მათ კლინიკაში ქვეწარმავლებით დაკბენილ პაციენტთა მომართვიანობა განსაკუთრებით ზაფხულობით, ივლისში, მატულობს. მისი თქმით, ამ პათოლოგიით პაციენტები, უმთავრესად, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან მოჰყავთ.
„ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღე და ყოველ კვირას არის ასეთი შემთხვევები, თუმცა ქვეწარმავლებისგან დაკბენილი პაციენტების მომართვიანობა განსაკუთრებით ივლისში აღინიშნებოდა. სხვათა შორის, გველით ნაკბენის დროს, დაზარალებული ხშირად ხალხში გავრცელებულ ტრადიციულ მეთოდებს იყენებს, რაც დაუშვებელია. თუ გველმა ფეხზე გიკბინათ, აუცილებელია ამ დროს ფეხი გაუნძრევლად და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გქონდეთ. გარდა ამისა, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღოთ“, – აღნიშნა სოსო კუტუბიძემ.
ტოქსიკოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნებისმიერი ქვეწარმავლის კბენის შემთხვევაში აუცილებლად ექიმს მიმართონ.
ანალოგიური შემთხვევები იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც ფიქსირდება. კლინიკის პრესცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გველით დაკბენილი ბავშვების მომართვიანობაც ხშირია, თუმცა თამარ ჩეჩელაშვილმა მოუცლელობის გამო ზედმეტი კომენტარისგან თავი შეიკავა.

                                                                                                                                                                                                                   იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები