ირმა ნადირაშვილი 300%-იან პრემიებს იღებდა

   პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ხელფასის გარდა, პრემიის სახით 2012 წელს 11 320 ლარი მიიღო – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა მიწოდა. როგორც „კვირას“ ორგანიზაცია „IDFI“ – ში განუცხადეს, მათ ექსპრეზიდენტის ადმინისტრაციას პრემიების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით ჯერ კიდევ 2 წლის წინ მიმართეს, თუმცა მაშინ ადმინისტრაციამ ამის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. სწორედ ამ ფაქტის გამო, „IDFI“ -მა პრეზიდენტის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა.
მოგვიანებით კი ორგანიზაციამ ექსპრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა პრემიების შესახებ მწირი ინფორმაცია მიიღო.
ორგანიზაცია „IDFI “ – ის ინფორმაციით, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ პრემიის სახით 11 320 ლარი მიიღო, სადაც, სავარაუდოდ, ირმა ნადირაშვილი იგულისხმება. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი 2012 წელს ადმინისტრაციაში სწორედ ამ თანამდებობაზე მუშაობდა. ირმა ნადირაშვილის 2012 წლის 15 აგვისტოს ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ ექსპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობის პერიოდში მან შემოსავლის სახით 53 885 ლარი მიიღო. ნადირაშვილი აქვვე მიუთითებს, რომ ის, ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნალას“ პრეზიდენტის მრჩეველიც იყო, სადაც მისი წლიური ხელფასი 6 000 ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „ნალა“ უცხოური დონორი 13 ქვეყნის გარდა, საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტებიდან და თვითმმართველი ქალაქებიდანაც ფინანსდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ თავმჯდომარეს ლია მუხაშავრიას მიაჩნია, რომ ირმა ნადირაშვილი საჯარო მოხელის შესახებ კანონს და ასევე, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონს წლების განმავლობაში არღვევდა.
როგორც მუხაშავრიამ „კვირას“ განუცხადა, ირმა ნადირაშვილმა ზნეობრივი ნორმებიც დაარღვია და საჯარო მოხელისათვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა.
„ეს ნამდვილად ინტერესთა კონფლიქტია. საჯარო მოხელეს გარდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და შემოქმედებითი სამსახურისა, აკრძალული აქვს სხვა ყველა ანაზღაურებადი სამუშაო. ამ შემთხვევაში საქმე ინტერსთა კონფლიქტს ეხება, რომლის შესახებაც ის ვალდებული იყო, განეცხადებინა. თუ მან არ განაცხადა, რა თქმა უნდა, ეს არის კანონის მოთხოვნათა დარღვევა. ეს არის ზნეობრივი ნორმების დარღვევა და საჯარო მოხელისთვის შეუფერებელი საქციელი. როდესაც ამის შესახებ ხდება ცნობილი, მაშინ ასეთი პირი საჯარო სამსახურიდან უნდა გადადგეს, ან ის უნდა გაათავისუფლოს მისმა ხელმძღვანელმა“, – აღნიშნა ლია მუხაშავრიამ. მისივე განმარტებით, საჯარო მოხელის შესახებ კანონი იმდენად უხერხემლო და არაფრის მაქნისია, რომ საჯარო მოხელეს კანონის დარღვევის შემთხვევაში, არანაირი სანქცია არ ეკისრება. მუხაშავრიას განცხადებით, ირმა ნადირაშვილის ქონებრივი დეკლარაცია თავად საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელობას უნდა შეესწავლა.
„საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელობას საჯარო მოხელის შესახებ ინტერსეთა კონფლიქტის ეს ფაქტი უნდა შეესწავლა. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, ბიუროს ხელმძღვანელობას არანაირი უფლება არ აქვს, შეამოწმოს საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია. შესაბამისად, სანქცია არ არსებობს. მათ მხოლოდ ევალებათ, რომ საჯარო მოხელემ 1 აპრილამდე ქონებრივი დეკლარაცია შეავსოს. თუ საჯარო მოხელე 1 აპრილამდე არ შეავსებს ქონებრივ დეკლარაციას, მაშინ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 1 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. საჯარო სამსახურის ბიუროს შემოწმების და კონტროლის მექანიზმი მხოლოდ ამ საკითხზეა დასული. გარდა ამისა, თუ საჯარო მოხელეს შემოსავალი წინა წელთან შედარებით გაეზარდა – ბიუროს იმის უფლებაც კი არ აქვს, დაინტერსედეს, თუ როგორ და რა გზით დაუგროვდა მას ერთ წელიწადში ეს თანხა. ბიუროს არ აქვს უფლება, რომ ამის გამო ვინმეს გამოძიებისთვის, ან მოკვლევისთვის მიმართოს “, – განაცხადა მუხაშავრიამ.
იურისტი გამოსავალს კანონში ცვლილებების განხორციელებაში ხედავს. თუმცა, ის დღევანდელ კანონმდებლებს უმოქმედებაში ადანაშაულებს.
„დღევანდელი პარლამენტი წინა ხელისუფლების მიღებულ კანონებს არ ცვლის. თუ დეპუტატები საჯარო მოხელის შესახებ კანონს არ შეცვლიან, მაშინ ამჟამინდელ დეპუტატებსაც იგივე დაემართებათ, რაც მიხეილ სააკაშვილისდროინდელ მოხეელებს დაემართათ. არ იცოდნენ, რა კანონმდებლობა გადაიბარეს? მაგრამ იმის გამო, რომ კანონის ასეთი ფორმა მათაც ხელს აძლევთ, ამ საკითხებში ცვლილებებს მაინცდამაინც არ გეგმავენ. აი ეს არის პრობლემა. სხვათა შორის, ამ საკითხს ჯერ კიდევ მაშინ ისინი აკრიტიკებდნენ, ვინც დღეს პარლამენტში სხედან: თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი და სხვები. მათ ძალიან კარგად იციან, რომ კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი სრულიად უხერხემლო და არაფრის მაქნისია. რადგან ამ ქვეყანაში ზნეობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის მექანიზმი არ არსებობს“, – ამბობს ლია მუხაშავრია.
ამის გარდა, „კვირის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ერთი წლის განმავლობაში, ხელფასის გარდა, 300%-იან პრემიებს იღებდნენ. მათ შორის არის ირმა ნადირაშვილიც.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობისას, ირმა ნადირაშვილმა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს, და მისმა ოჯახმა თბილისში რამდენიმე ბინა შეიძინეს, მათ შორის – აგარაკები შინდისსა და ბათუმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები