შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა სათანადო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა სათანადო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო დასკვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება სასჯელაღსრულების სისტემის მდგომარეობას, იმას, რომ მას შეზღუდული აქვს თავისუფლება, რის გამოც, დეპრესიიდან გამომდინარე აქვს ის მდგომარეობა, რაც აქვს.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერ მსჯავრდადებულს და ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მიეწოდოს სათანადო სამედიცინო მომსახურება. ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი.
რაც შეეხება საკითხს, მიეწოდება თუ არა სათანადო სამედიცინო მომსახურება, ყველას შევახსენებ, რომ ამ საკითხით დაკავდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო და ის დააკვირდა, მოიძია თუ რა სერვისები მიეწოდება და დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება სათანადო სამედიცინო მომსახურება და ამ საფუძველზე უარი უთხრა იმ საჩივარს, რომელიც შეტანილი იყო მისი ადვოკატების მხრიდან.
გარდა ამისა, საქართველოშიც რამდენიმე კონსილიუმი ჩატარდა, ომბუდსმენის წარმომადგენლები იყვნენ, სხვებიც იყვნენ შესული და საერთო ჯამში ჩვეულებრივი ადამიანის ენაზე დასკვნა რაც გვესმის არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება სასჯელაღსრულების სისტემის მდგომარეობას, იმას, რომ მას შეზღუდული აქვს თავისუფლება, რის გამოც, დეპრესიიდან გამომდინარე აქვს ის მდგომარეობა, რაც აქვს.
სამწუხაროდ, სწორედ ეს განცხადებები შიდა თუ გარე მეგობრებისა, რომელიც მას აგულიანებენ და იმედს აძლევენ, რომ მოხდება მისი დახსნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სწორედ ამ შეგულიანების გამო არის, რომ ის თავის მხრივ უკვე ვერ ეგუება იმ მდგომარეობას, რომ 6 წელი მან უნდა მოიხადოს სასჯელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.