შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან, ვხედავთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ ერთვება 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში.

მისი თქმით, შეიძლება ევროკავშირმა შეხედოს და ნახოს, რომ პროცესი არ არის ინკლუზიური და ეს გარკვეულწილად ნაკლად ჩათვალოს.

„საპარლამენტო ოპოზიციას თუ შევხედავთ, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ეს არის ერთი გუნდი, მათი მხრიდან ჩვენ ვხედავთ საბოტაჟს საქართველოს ევროპული მომავლის, ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი, ვინაიდან ამ 12 პრიორიტეტში ერთ-ერთი განმსაზღვრელი მომენტია ინკლუზიურობა თავად პროცესის, რომ ყველა იყოს ჩართული და იმით, რომ ისინი არ ერთვებიან ამ პროცესში, საბოტაჟს უწყობენ ევროკავშირის თვალში ამ პროცესს, ვინაიდან შეიძლება ევროკავშირმა შეხედოს და ნახოს, რომ პროცესი არ არის ინკლუზიური და ეს გარკვეულწილად ნაკლად ჩაუთვალოს ამ პროცესს, მიუხედავად შინაარსისა ამ პროცესის. ამიტომ ეს არის ტიპური საბოტაჟი საქართველოს ევროპული მომავლის.

რაც შეგვეხება ჩვენ, 12 პუნქტიდან 6-ზე ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, ჩატარდა კომიტეტის სხდომები, ტარდება მოკვლევები, ჩართულია მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. მათ შორის ცოტა გაურკვეველი სიტუაციაა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ ნაწილი მოდის ამ შეხვედრებზე, მაგალითად ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბარდია მოდიან შეხვედრაზე როგორც ინდივიდები, თუ არ ვიცი რატომ აღარ წარმოადგენენ ისინი პოლიტიკურ ჯგუფს, ხათუნა სამნიძე რომელიც გახლავთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ „რეფორმერების“ პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, მოდის სხდომაზე, მაგრამ ვერ მოდის იმ სტატუსში, რომელიც მას აქვს. სამწუხაროდ, ასეთი მდგომარეობაა იმ პოლიტიკურ ჯგუფში. ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნატო ჩხეიძე გახლდათ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გენდერულ საკითხებს. ასე რომ, ჩანს, რომ გაურკვევლობა აქვთ შიგნით ამ პარტიებს და ვნახოთ რა იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები