დიმიტრი ტორაძე: ჩემი წინადადება ისევ ძალაშია – როცა სასამართლო სხდომები იქნება, ჩემს გვერდით აუცილებლად იქნება თავისუფალი ადგილი, სადაც „თიბისი“ დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს
თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ აქციონერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 30 მლნ ლარამდე მისაღები დივიდენდები დაუყადაღა.
ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ მედიასთან 21 ივნისს ისაუბრა.
რა ეტაპზეა პროცესი და აპირებენ თუ არა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას? ბიზნესმენების დივიდენდების დაყადაღებიდან თითქმის 1 თვე გავიდა, თუმცა, მათ შესაგებელი ჯერ არ შეუტანიათ.
ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ სამართლებრივ დავას აუცილებლად დაიწყებენ, თუმცა, ამ თემაზე დეტალურად უახლოეს დღეებში ისაუბრებს:
„ჩაგვბარდა დოკუმენტები და დრო გვაქვს, მოვამზადოთ საქმე. ვაპირებთ სამართლებრივ რეაგირებას. იურიდიულად ეს საქმე არაფერია, უფრო პიარული სვლაა, რადგან რაც ვნახეთ, იმდენად აბსურდული სარჩელია, იმ კვირაში გაიგებთ, რა არის აბსურდულობა“, – აღნიშნა ზვიად კორძაძემ.
„თუ „თიბისი ბანკს“ აქვს სადავო პოზიციები, მაშინ ეს აუცილებელიც კია“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ბრიტანელი აქციონერის იან მალქოლმ ჰოქის უფლებადამცველს დიმიტრი ტორაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატის პოზიციას, რომ ისინი აპირებენ საპასუხო სარჩელის შეტანას,
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისინი შესაგებებელს არ შეიტანენ, სასამართლო მათ წინააღმდეგ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„აპირებს კი არა, უნდა შემოიტანოს შესაგებებელი იმიტომ, რომ მათ აქვთ კანონით დადგენილი ვადა და იმ ვადაში შესაგებლის შემოუტანლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება მათ წინააღმდეგ. შესაბამისად, თუ მათ აქვთ ლეგალური ინტერესი და სადავო პოზიციები, ეს აუცილებლობაა მათი მხრიდან. ჩვენ გვაინტერესებს მათი პოზიცია. მარტივად გეტყვით, ჩვენს სასარჩელო განცხადებაში არაფერი არ წერია ახალი, რაც ამ მხარეებისთვის არ იყო 3 თვით ადრე ცნობილი. მე რომ „თიბისი ბანკს“ მივმართე წერილით, აბსოლუტურად ყველაფერი ეწერა იქ. „თიბისი ბანკს“ მივმართე და არა კონკრეტულად ფიზიკურ პირებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, მაგრამ აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ბანკში ჩვენი მიტანილი წერილის შინაარსი მათთვის ცნობილი იქნებოდა. შესაბამისად, 90 დღის წინ რაც იყო ცნობილი, ჩვენ რომ 96-ე დღეს სასამართლოს მივმართეთ, რამე მოულოდნელობა არ მომხდარა.
რაც შეეხება მათი მხრიდან განცხადებებს, რომ ეს პიარული სვლაა და რაღაც გაუგებარი პოზიციები, მხოლოდ ეს იყო მათი პოზიცია, მათი სამართლებრივი პოზიცია ჩვენთვის უცნობია და შესაბამისად, შესაგებელს ველოდებით. პიარის ნაწილს ჩვენ იმიტომ ვიყენებთ და საზოგადოებასთან ურთიერთობას იმიტომ ვცდილობთ, რომ მე და ჩემი მარწმუნებელი საქართველოში არ ვფლობთ 70 ონლაინმედიიდან 40-ს და არ გვაქვს ჩვენი საკუთარი ტელევიზია. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ არ მოხდეს საინფორმაციო სივრცეში ჩვენი უსაფუძვლო დაჩაგვრა. თორემ პიარული რომ არ იყო და სუფთა სამართლებრივი სარჩელი იყო, ეს ძალიან მარტივად ჩანს.
ასევე, დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა შესაგებელი დაწეროს ბატონმა მამუკამ და ბატონმა ბადრიმ, ან მათმა წარმომადგენელმა, ესეც თიბისი ბანკისთვის იქნება ცნობილი. ჩემი წინადადება ისევ ძალაშია. როცა სასამართლო სხდომები იქნება და ჩემს გვერდით აუცილებლად იქნება თავისუფალი ადგილი, ველოდები, რომ „თიბისი“ იქ დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს. ამ შემთხვევაში „თიბისი ბანკის“ პოზიცია გვაინტერესებს“, – აღნიშნა დიმიტრი ტორაძემ.
ცნობისთვის, ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა” და შპს „სამგორი M”-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან” სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი.
იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდს” სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა” სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
კომპანიებს „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
R