მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე დაკავებული, შსს-ს ერთ-ერთი თანამშრომელი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
მეტროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პატრულ-ინსპექტორმა, კერძოდ, კახა ბაკაშვილმა პენიტენციური დაწესებულება სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საფუძველზე დატოვა.
ბრალდებულ ბაკაშვილს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
ადვოკატის განმარტებით, პროკურატურამ ბაკაშვილს საპროცესო შეთანხმება პოლიციაში 23-წლიანი უმწიკვლო მუშაობის გათვალისწინებით გაუფორმა.
შეგახსენებთ, კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს სცემს, 24 იანვარს გავრცელდა. ვიდეო ერთ-ერთი მეტროსადგურის ესკალატორზეა გადაღებული. მომხდარ ფაქტზე 2 პოლიციელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა ფიზიკურად 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის პირზე იძალადა. შედეგად, მან დაზიანებები თავისა და სახის არეში მიიღო. ასევე, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი დამცირებულად იგრძნო. ხოლო, მეორე პატრულ-ინსპექტორი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, რომელიც ფაქტს შეესწრო და ამის შესახებ არ აცნობა საგამოძიებო უწყებებს.