ლავროვი: დასავლეთი არ აძლევს უკრაინას სამშვიდობო პროცესში გადასვლის შესაძლებლობას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი არ აძლევს უკრაინას შესაძლებლობას, გადავიდეს ომის მშვიდობიან დარეგულირებაზე, რადგან მისგან რუსეთზე გამარჯვებას ელოდება.

ამის შესახებ ლავროვმა ბალიში, G20-ის შეხვედრის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, – იტყობინება BBC.

“თუ დასავლეთს არ სურს მოლაპარაკება, არამედ – ბრძოლის ველზე რუსეთზე უკრაინის გამარჯვება, მაშინ დასავლეთთან, ალბათ, სალაპარაკო არაფერია, რადგან ამ მიდგომებით, ფაქტობრივად, ის არ აძლევს უკრაინას სამშვიდობო პროცესში გადასვლის შესაძლებლობას”, – თქვა მან.

მისი თქმით, ეს არის ჩიხური მიდგომა, რომელიც არა თუ ომის დასრულებას არ აახლოებს, არამედ აფერხებს მრავალი გლობალური ეკონომიკური პრობლემის გადაჭრას.

ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციას სამიტის სხვა მონაწილეებისგან ბევრი რამის მოსმენა მოუწია და მან ამას “რუსეთის მძვინვარე კრიტიკა” უწოდა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ აპირებს, ვაშინგტონს კომუნიკაცია თავს მოახვიოს, რომელიც, მისი თქმით, ვაშინგტონის და არა მოსკოვის ინიციატივით შეწყდა.

“ჩვენ კი არ შეგვიწყვიტავს ყველა კონტაქტი შეერთებულ შტატებთან. არავის დავსდევთ შეხვედრების თხოვნით. თუ არ სურთ საუბარი, ეს მათი საქმეა”, – თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები