შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: აყენებენ ულტიმატუმებს, რომ ჯერ სხვა საკითხები, მათი პრიორიტეტები უნდა გადაწყდეს იმისთვის, რომ მივუბრუნდეთ ევროკავშირისა და საქართველოს პრიორიტეტებს

იმისთვის, რომ მოიძებნოს საბაბი ამ პროცესის ჩაშლისა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პირდაპირ წინაპირობად აყენებს მე-13 პუნქტს – ბარიერთან დაკავშირებულ საკითხს: ეს არის წინაპირობა, რომ მათ საერთოდ ყურადღება მიაქციონ ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმებს უყენებს, რათა ჯერ მათთვის პრიორიტეტული საკითხები გადაწყდეს.

„ეს დამოკიდებულება ცოტა უცნაურია. აქ საქმე იმაში ხომ არ არის, რომ ანგარიში გაუწიონ „ქართულ ოცნებას“ ან იმას ხომ არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ საქმეს აკეთებენ. საქმე ეხება იმ 12 პრიორიტეტს, რომელიც ევროპულმა საბჭომ დასახა იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატობის სტატუსი. ეს საქმე ეხება მათ პასუხისმგებლობას მათივე ამომრჩევლის წინაშე. ისინი ხომ ამბობენ, რომ მათ სურთ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი და ისინი არიან ევროპელები – ევროკავშირმა თქვა, იმისთვის, რომ მოგენიჭოთ სტატუსი, საჭიროა ეს საკითხები განიხილოთ და მოაწესრიგოთ. ახლა მიდის მუშაობა ამ საკითხების განსახილველად და მოსაწესრიგებლად. ნაცვლად იმისა, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ, აყენებენ ულტიმატუმებს, რომ ჯერ სხვა საკითხები, დამატებითი, მათი პრიორიტეტები უნდა გადაწყდეს იმისთვის, რომ მივუბრუნდეთ ევროკავშირისა და საქართველოს პრიორიტეტებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები