ანრი ოხანაშვილი: თუ სტატუსის მონიჭების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პირობას ვაჭრობად აფასებენ, როგორც ჩანს, ეს არის შოკი იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ვინც ამ ნაბიჯს ჩვენგან არ მოელოდა
თუ სტატუსის მონიჭების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პირობას ვაჭრობად აფასებენ, როგორც ჩანს, ეს არის შოკი იმ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ვინც ამ ნაბიჯს ჩვენგან არ მოელოდა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგის 12-პუნქტიან გეგმაში, თუმცა, მმართველი გუნდი მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იჩენს და საკითხს არა პარტიულად, არამედ სახელმწიფოებრივად უდგება.
“ჩვენი მზაობა და პირობა, რომ ეს კანონპროექტი გადაიქცევა კანონად კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე, თუ ვაჭრობაა, ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს. ნება, რომ ის შეასრულო, რაც 12 პუნქტში არ არის მოცემული და ამით ხელი შეუწყო სიტუაციის განმუხტვას, რამდენად შეიძლება, ითარგმნოს ვაჭრობად, ეს ჩვენმა საზოგადოებამ შეაფასოს. თუ ამას ასე აფასებენ, ეს, როგორც ჩანს, არის შოკი იმ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ვინც ამ ნაბიჯს ჩვენგან არ მოელოდა. სამწუხაროდ, ცდილობენ, ამას ჩრდილი მიაყენონ. ეს კონკრეტული საკითხი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება, ეს საკითხი არ დგას 12- პუნქტიან გეგმაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ პარტიულ ინტერესზე მაღლა ვდგებით, მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი შეიძლება, იყოს ის, რამაც ხელი შეიძლება, შეუწყოს დაძაბულობის განმუხტვას, ამიტომ, ვინაიდან მზად ვართ, 12- პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ და ამას შევასრულებთ, როგორც კი მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, ამ საკითხსაც ჩვენი კეთილი ნებით დავუბრუნდებით. პირობა დადებულია ევროპული საბჭოს და ევროპული კომისიის წინაშე, რომ ეს საკითხი შესრულდება, თუკი ვინმეს უნდა – ეს დაჩრდილოს, პარტიულ ინტერესზე მაღლა დადგომას და პოზიტიური დღის წესრიგის შემოტანას უნდა ჩრდილი მიაყენოს, რა თქმა უნდა, ეცდებიან სპეკულაციებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.