“შეცდომა დავუშვი” – სექსუალური სკანდალისთვის ხელის დაფარება ჯონსონს თანამდებობის დათმობად უჯდება

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის, ასევე, კონსერვატიული პარტიის მიმართ ნდობის გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე, დაუნინგ სთრითი ახალი სკანდალის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, ბრიტანეთის მთავრობის მეთაურს თანამდებობის დათმობის ფასად დაუჯდება.

ერთი თვის წინ, ჯონსონის მთავრობა სკანდალებისა და დაპირისპირებების სერიას აგვარებდა, მათ შორის იყო: პანდემიის დროს სამთავრობო დაწესებულებებში სავარაუდო წვეულებების გამართვა; კონსერვატიული პარტიის დონორებისგან ნასესხები ფულით ჯონსონის ბინის რემონტი; MI5-ის გაფრთხილების მიუხედავად, ​რუს-ინგლისელი ბიზნესმენის, ევგენი ლებედევის ლორდთა პალატაში დანიშვნა და სხვა.

ამჯერად, ინციდენტი დაკავშირებულია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო ორგანიზატორის მოადგილე კრის პინჩერთან, რომელიც სექსუალურ შევიწროებაშია ეჭვმიტანილი, რაზეც პრემიერი ჯონსონი თანამდებობაზე მისი დანიშვნის დროს ინფორმირებული იყო.

პინჩერმა მთავრობის მეთაურის მოადგილის თანამდებობა 30 ივნისს მას შემდეგ დატოვა, რაც აღიარა, რომ წინა ღამით, ნასვამ მდგომარეობაში, Carlton Club-ში „საკუთარი თავი და სხვები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა”. გავრცელებული ინფორმაციით, ის კლუბში ორ მამაკაცს სექსუალურად ავიწროებდა.

აღსანიშნავია, რომ პინჩერი სექსუალური ხასიათის სკანდალში 2017 წელსაც აღმოჩნდა, როდესაც მას სექსუალურ ძალადობაში ყოფილი ოლიმპიური ნიჩბოსანი, ალექს სთორი ადანაშაულებდა. ამავე პერიოდში პინჩერს ბრალი ედებოდა ყოფილ ლეიბორისტ დეპუტატზე, ტომ ბლენკინსოზე შევიწროების მცდელობაში. თუმცა, 2017 წლის 23 დეკემბერს კონსერვატიული პარტიის საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პინჩერი ქცევის კოდექსს არ არღვევდა.

პინჩერის 30 ივნისის აღიარების შემდეგ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მოადგილემ, ანგელა რეინერმა თქვა, რომ „ბოლო ეპიზოდმა“ აჩვენა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების სტანდარტები ბორის ჯონსონის მთავრობის პირობებში დაცემულია. ​რეინერმა განაცხადა, რომ ჯონსონმა უნდა ახსნას, რატომ მიიღო პინჩერმა თანამდებობა და როგორ რჩებოდა ის კონსერვატიული პარტიის დეპუტატი.

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ჯენი ჩეპმენმა განაცხადა, რომ უცნობია, ზუსტად რა იცოდა ჯონსონმა პინჩერის დანიშვნის დროს, „გვინდა ვიცოდეთ, ვინ რა იცოდა და რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილებები. არ მგონია, რომ ვესტმინსტერში ვინმეს სჯეროდეს, რომ ბორის ჯონსონმა არ იცოდა მისტერ პინჩერის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ, როდესაც მას თანამდებობაზე ნიშნავდა“.

3 ივლისს პინჩერის წინააღმდეგ კიდევ ექვსი ახალი ბრალდება გაჟღერდა, რომელიც 10- წლიან პერიოდს უკავშირდება. სამი საჩივარი ეხება პინჩერის არასასურველ ფლირტს მამაკაც- დეპუტატებთან: მათგან ერთი თემთა პალატის ბარში და ერთი პინჩერის საპარლამენტო ოფისში.

გავრცელებული ინფორმაციით, თებერვალში ერთმა მომჩივანმა დეტალები დაუნინგ სთრითს მიაწოდა.

თავდაპირველად, ჯონსონის კაბინეტის მინისტრები აცხადებდნენ, რომ პრემიერი პინჩერის დანიშვნის დროს რაიმე საჩივრის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

თუმცა, BBC-სთვის 5 ივლისს მიცემულ ინტერვიუში ჯონსონმა აღიარა, რომ მან პინჩერი სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშნა მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული იყო მის წინააღმდეგ საჩივრების არსებობის შესახებ. როგორც ჯონსონმა თქვა,  მან “სერიოზული შეცდომა” დაუშვა, რომ არ იმოქმედა მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.

ამ აღიარებიდან რამდენიმე წუთში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ფინანსთა კანცლერმა, რიში სუნაკმა და ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, საჯიდ ჯავიდმა განაცხადეს.

იმავე დღეს, პოსტები დატოვეს კონსერვატიული პარტიის ვიცეთავმჯდომარემ, ბიმ აფოლამიმ და პარტიის სხვა მაღალჩინოსნებმა.

დღესდღეობით, ჯონსონის კაბინეტი 4-მა მინისტრმა დატოვა, ასევე, 50-მა მაღალჩინოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები