ირაკლი ბერაია რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, სიმონა კოჯოკარუს შეხვდა
ბუქარესტში ვიზიტად მყოფი საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივან სიმონა კოჯოკარუს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღნიშნეს ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-საქართველოს პარტნიორობის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის და აღნიშნულის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე გავლენის განხილვას.
თავდაცვის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას რუმინეთის მხრიდან. მხარეების მიერ აღინიშნა თავდაცვის სფეროში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – დავით ზილფიმიანი, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ზურაბ ხუროშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, ეკატერინე დუგლაძე.