გია ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დიდი ხანია, პოლიტიკურ მუშაობას ეწევა
იმდენად აშკარა გახდა მათი პოლიტიკური შიდა განაწესი, რომ ვფიქრობ, სხვა გზაც არ დარჩენიათ, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“-ის პოლიტიკურ პარტიად შესაძლო გარდაქმნას.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დიდი ხანია, პოლიტიკურ მუშაობას ეწევიან.
“გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანია, პოლიტიკაში არიან გადმონაცვლებულნი და დიდი ხანია, პოლიტიკურ მუშაობას ეწევიან. იმდენად აშკარა გახდა მათი პოლიტიკური შიდა განაწესი, რომ ვფიქრობ, სხვა გზაც არ დარჩენიათ. ისევე – როგორც ამ განცხადების ავტორი, ნიკა სიმონიშვილს, რომელიც არავითარ არასამთავრობო ორგანიზაციას და საზოგადოებას არ წარმოადგენს. იგი დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის წევრი და მისი აქტივისტია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას. იგი არ გამორიცხავს, რომ მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა საბოლოოდ გარკვეული პოლიტიკური გუნდის ფორმირება მოახდინოს.