გურამ მაჭარაშვილი: “სირცხვილია” და “ნაცმოძრაობა” ვერ შეთანხმდნენ იმაზე, “ნაცმოძრაობა” უფრო სირცხვილია თუ “სირცხვილია” უფრო სირცხვილია
“სირცხვილია” და “ნაცმოძრაობა” ვერ შეთანხმდნენ იმაზე, “ნაცმოძრაობა” უფრო სირცხვილია თუ “სირცხვილია” უფრო სირცხვილია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“სირცხვილია” ამბობს, რომ “ნაცმოძრაობის” ლიდერების გამოსვლა აქციებზე სირცხვილია, “ნაცმოძრაობა” ამბობს, რომ “სირცხვილიას” ქმედებებია ამ აქციებზე სირცხვილი. შესაბამისად, საზოგადოებამ ერთი რამე გაიგო მხოლოდ, რომ “ნაცმოძრაობა” სირცხვილია. საზოგადოებამ დაინახა, რომ “ქართულმა “ოცნებამ” გეგმა დადო, შეხვედრებია ჩანიშნული ოპოზიციასთან თუ არასამთავრობო სექტორთან, რაც უკვე მოიწონეს ყველაზე კრიტიკულად განწყობილმა ევროპარლამენტარებმაც კი. საზოგადოება ხედავს, რომ აქციებზე აშკარა გახდა პოლიტიკური მიზანი. არასამთავრობო სექტორს იმიტომ ჰქვია არასამთავრობო სექტორი, რომ ის არის აპოლიტიკური, ბოლო დროს საზოგადოებამ მშვენიერი პოლიტიკური მესიჯები გაიგო მათგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ აქციებს იმ სახელწოდებასთან, რაც დაარქვეს – “შინ ევროპისკენ” არაფერი საერთო არ აქვს, არამედ უნდა ერქვას – “შინ ხელისუფლებისკენ”, რადგან უკან სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, ამას აღარც მალავენ და სწორედ ამიტომ გამოაცხადა საზოგადოებამ პროტესტი, რომ ეს აქციები იყო არა “შინ ევროპისკენ”, არამედ შინ ხელისუფლებისთვის”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.