საფრანგეთის ელჩი “პრაიდის” კვირეულის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ უსაფრთხოების კუთხით გატარებულ ზომებს დადებითად აფასებს
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე ეხმაურება.
ელჩი სამართალდამცველების მიერ უსაფრთხოების კუთხით გატარებულ ზომებს დადებითად აფასებს. „გასაოცარი პრაიდის კვირეული! ვულოცავ თბილისი პრაიდს 3 ჩინებულ ღონისძიებას: ამაღელვებელ ფილმს, საინტერესო ლექციას და სადღესასწაულო საღამოს. საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი კონსტიტუციით, რომელიც იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, ტრადიციებს, რომელიც ყოველთვის ღიაა მიიღოს რაღაც ახალი თავისი მრავალფეროვნებით. ვულოცავ სამართალდამცავებს, რომლებთანაც ბევრი ინტერაქცია გვქონდა, ძალიან კარგად შესრულებული სამუშაოსთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ყველას უფლებების დასაცავად. დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ყველას, მათ შორის ლგბტ+ ადამიანების უფლებების პატივისცემა, ჩვენთვის პრიორიტეტია”, -წერს ელჩი.