ირანში 10 პატიმარი სიკვდილით დასაჯეს
ირანში მძიმე დანაშაულებისთვის, კერძოდ, მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის მსჯავრდებული 10 პირი სიკვდილით დასაჯეს.
ამის შესახებ Anadolu უფლებადამცველ ორგანიზაცია HRANA-ზე დაყრდნობით წერს.
ორგანიზაციის ცნობით, სიკვდილით დასჯა 29 ივნისს რეჯაი შეჰრის ციხეში აღსრულდა.
სიკვდილით დასჯილთაგან რვა დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში, დანარჩენი – გაუპატიურებაში.
ირანის ხელისუფლებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
Amnesty International-ის 24 მაისის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ირანში სიკვდილით 314 ადამიანი დასაჯეს.