“უკრაინის აღდგენისთვის ინვესტიციები რეფორმებთან უნდა გავაერთიანოთ” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციაში ინვესტიციების მაქსიმალური გავლენის მისაღწევად საჭიროა მათი რეფორმების ახალ ტალღასთან შერწყმა.

ამის შესახებ მან უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ 4 ივლისს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან ერთად შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში უკრაინის აღდგენას მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

“თქვენი ევროპული გზა და ქვეყნის აღდგენა ხელიხელჩაკიდებულები იქნება. უკრაინა იქნება ლიდერი. საჭირო იქნება დიდი ინვესტიციები. მაგრამ იმისათვის, რომ მათი გავლენა მაქსიმალურად გაიზარდოს და ბიზნესის ნდობა განმტკიცდეს, ინვესტიციები უნდა იყოს შერწყმული რეფორმების ახალ ტალღასთან“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქვეყანამ რეფორმების გზაზე პროგრესს მიაღწია, “აიღეთ, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა. თქვენ საოცარი ანტიკორუფციული მანქანა შექმენით, მაგრამ საჭიროა ახალი ხელმძღავენელბის დანიშვნა”.

ასევე, მან საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა მოსამართლეების შერჩევის პროცედურების შესახებ კანონმდებლობის მიღება, ეკონომიკაზე ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის შემცირება და მედიის კანონის მიღება, რომელიც უკრაინის კანონმდებლობას ევროკავშირის მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში მიიყვანს.

“რა თქმა უნდა, რეფორმებს დრო სჭირდება. ასე მუშაობს ჩვენი ყველა დემოკრატია და, მაგალითად, არავინ ელოდება, რომ უკრაინა შეავსებს ყველა თანამდებობას თქვენს ახალ ინსტიტუტებში – მაშინ, როდესაც ბევრი თქვენი საუკეთესო, ჭკვიანი და მოაზროვნე ადამიანი ფრონტზე იბრძვის. მაგრამ უკრაინული დემოკრატია უნდა იყოს სწორ გზაზე. თქვენ უკვე აჩვენეთ, რომ შეგიძლიათ, მიიღოთ მნიშვნელოვანი კანონები მაშინაც კი, როდესაც ომი ჯერ კიდევ გრძელდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ”დღეს მე ვარ აქ ძალიან მარტივი გზავნილით: წინ დიდი გზაა, მაგრამ ევროპა იქნება თქვენთან ერთად ყოველ ნაბიჯზე, რამდენიც გინდათ, ომის ამ ბნელი დღეებიდან იმ მომენტამდე, როდესაც თქვენ გახსნით ჩვენი ევროკავშირისკენ მიმავალ კარს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები