“უკრაინას მომავალში შესაძლოა, ევროპაში ყველაზე დიდი სახმელეთო ჯარები ჰყავდეს” – კისინჯერმა უკრაინაში ომის დასრულების სამ სცენარზე ისაუბრა
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა თქვა, რომ ევროპაში ნატო-ს როლი შეიძლება, დასუსტდეს ან გაძლიერდეს და ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პირობებით დასრულდება უკრაინაში მიმდინარე ომი.
ამის შესახებ მან ბრიტანულ ჟურნალ The Spectator-თან ინტერვიუში თქვა.
კისინჯერმა კონფლიქტის დასრულების სამი ვარიანტი ჩამოთვალა.
1. თუ რუსი სამხედროები ამჟამინდელ პოზიციებზე დარჩებიან, მაშინ ისინი „მიიღებენ უკრაინის ტერიტორიის 20%-ს და დონბასის უმეტეს ნაწილს, შავი ზღვის გასწვრივ მიწებს, მთავარ ინდუსტრიულ და სასოფლო-სამეურნეო ზონებს“. ეს იქნება რუსეთის გამარჯვება, „მიუხედავად ყველა იმ წარუმატებლობისა, რომელიც მან დასაწყისში განიცადა“ და ნატო-ს როლი „არ იქნება ისეთი გადამწყვეტი, როგორც ადრე“.
2. თუ შეეცდებიან რუსეთის „განდევნას“ იმ ტერიტორიიდან, რომელიც მან სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მიიღო, მათ შორის, ყირიმიდან, მაშინ „დადგება თავად რუსეთთან ომის საკითხი“.
3. თუ უკრაინა „შეძლებს, შეაკავოს რუსეთი“ და ფრონტის ხაზი 24 თებერვლის მდგომარეობამდე დააბრუნოს, ეს რუსეთის მარცხი იქნება. უკრაინა „ხელახლა შეიარაღდება და მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ნატო-სთან“ ან თუნდაც ალიანსის ნაწილი გახდება, ყველა სხვა საკითხი კი მოლაპარაკებების გზით გადაწყდება.
კისინჯერი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მესამე სცენარს ემხრობა. თუ ეს ახდა, მაშინ ნატო ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებით კიდევ უფრო გაძლიერდება, უკრაინას კი „ევროპაში ყველაზე დიდი სახმელეთო ძალები ეყოლება“.