ნინო იობაშვილი – „შვეიცარია არის საქართველოს დიდი მეგობარი და საერთაშორისო ასპარეზზე გულმხურვალე მხარდამჭერი”

შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო იობაშვილი ჯგუფის წევრებთან, მარიამ ლაშხსა და ხათუნა კვიციანთან ერთად, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებებისა და სამშვიდობო პოლიტიკის დეპარტამენტის პროგრამების მენეჯერს, ქრისტოფ შპეტს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა როგორც საპარლამენტო თანამშრომლობის, ასევე, სექტორული მიმართულებით კავშირების გაძლიერებაზე.

შეხვედრისას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. საუბრის თემას წარმოადგენდა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია. ქართველმა კანონმდებლებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რასაც საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად ახორციელებს როგორც ჰუმანიტარული, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით. პარლამენტში გამართულ შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მრჩეველი ადამიანის უფლებებსა და სამშვიდობო საკითხებში – არმინ რიზერი და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ოფიცერი, მედეა ტურაშვილი.

შვეიცარიული მხარე საქართველოში მცხოვრები უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობით დაინტერესდა. ქართველმა კანონმდებლებმა სტუმრებს ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე და ცალკეულ შემთხვევებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრისას, მიმოიხილეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება. საუბრისას ხაზი გაესვა საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების მნიშვნელობას.

„ჩვენ მადლობა გადავუხადეთ შვეიცარიულ მხარეს, საქართველოს დიდ მეგობარს და საერთაშორისო ასპარეზზე გულმხურვალე მხარდამჭერს, რომელიც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მედიაციის სახით, შვეიცარიას აქვს დიდი როლი. ეს ეხება ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო იობაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები