„ღმერთო! გვისმინე! ნუ დაგვტოვებ ქართველებს მარტო” – პაოლო იაშვილის საუკუნის წინანდელი შიში და ვედრება დღესაც აშფოთებს საქართველოს

მადლიერი საქართველო დღეს მოწიწებით და სიამყით აღნიშნავს პაოლო იაშვილის 128 წლისთავს. მარად უკვდავი იქნება იმ კაცის ხსოვნა, ვისაც ლომის წილი უდევს ქართული მწერლობისა და ხელოვნების ევროპიზაციის საქმეში. მთელი მისი მემკვიდრეობა ქართული პოეზიის უნიკალური მოვლენაა, რომელიც თანამედროვე მკითხველშიც იწვევს სიცინცხლისა და აღმაფრენის განცდას. პაოლოს ათეულობით შედევრიდან მინდა 105 წლის წინათ შექმნილი ლექსი „მდუმარე ვედრება” გამოვარჩიო, რომელიც საქართველოს დღევანდელობას ზედმიწევნით ესადაგება:
„ღმერთო! გვისმინე! ნუ დაგვტოვებ ქართველებს მარტო,
მე აღარ ვიცი, როგორ გითხრა, როგორ მოგმართო!
ქვეყნიერების სიხარული როცა იწყება,
მე მეშინია საქართველოს გადავიწყება.
უფალო! შენ ხარ ქვეყნის მეფე, ქვეყნის მმართველი,
დიდი ხანია შენს წინაშე იწვის ქართველი!
და ჩვენი ლოცვა დღეს სხვა ლოცვას აღარ ედრება,
უკანასკნელი გავიგონე ღმერთო ვედრება!”
საქართველოს მართლაც უჩნდება ისტორიული შესაძლებლობა ევროპულ წიაღში დამკვიდრებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს ახალ მოწყობაში, თუკი საქართველოს ევროპის კარიბჭე ამოეგმანა, ამას მართლაც მოჰყვება საქართველოს უკუნი და გადავიწყება, რაც ასე უშფოთებდა სულს ყველაზე ევროპული გემოვნების ხელოვანს?!
პაოლო იაშვილის „მდუმარე ვედრების” სულისკვეთებას სავსებით იაზრებს და იზიარებს გონიერი საქართველო და იგი არავის მისცემს უფლებას, საუკუნის თავზე კვლავ გაამრუდოს მისი ბედის სცენარი.
ასე მგონია, დიდი პოეტიც მონაწილეა მიმდინარე ისტორიული პროცესისა და მისი დაუხარჯავი ენერგიაც ერთვის ამ თრთოლვის ოკეანეს.

 

გიორგო ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები