ვანო მერაბიშვილმა პროკურორს ბრალდების გაცნობაზე უარი განუცხადა
პარლამენტის ყოფილი წევრის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ყოფილ პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალი ოფიციალურად გააცნეს. ბრალის წარდგენის პროცესს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატიც ესწრებოდა.
„ბრალდებულმა ივანე მერაბიშვილმა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, უარი განაცხადა მის გაცნობაზე, ასევე ბრალდების დადგენილების ჩაბარებაზე.
აღნიშნულის შემდეგ, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ მიერ ივანე მერაბიშვილისადმი ბრალდება გაცნობილ იქნა მისი ადვოკატის საშუალებით“, – განაცხადა მერაბიშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, ე.წ „მატროსოვის“ ციხიდან გამოსულმა პროკურორმა დავით ბაინდურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, 2014 წლის 24 აპრილს პასუხისგებაში მიეცნენ ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძე სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით და 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, მათ მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
დღეს კი ამავე საქმეზე ბრალი დაუძიმდათ მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს.