ქართველი და თურქი ბიზნესმენების საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ქართული მხარის სასარგებლოდ მიიღო

  ქართველი და თურქი ბიზნესმენების საქმეზე, რომელშიც შვეიცარიის საელჩოა ჩართული, სასამართლომ გადაწყვეტილება ქართული მხარის სასარგებლოდ მიიღო. ბიზნესმენ არჩილ ვეკუასა და მისი ყოფილი პარტნიორის, თურქეთის მოქალაქე ალი რიზა კიზილდაგის საქმეზე კიდევ ერთი გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. არჩილ ვეკუას ადვოკატის ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, 2014 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქართული მხარის სასარგებლოდ ალი რიზა კიზილდაგს პირადად დააკისრა ჯამში 277 370 ლარი.
“ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გამყარდა არჩილ ვეკუას პოზიციები ალი რიზა კიზილდაგთან არსებულ დავაში. ყველა გადაწყვეტილება, რაც დღემდე სამოქალაქო სასამართლოების სხვადასხვა ინსტანციას აქვთ გამოტანილი, არჩილ ვეკუას სიმართლეს ამტკიცებს, თუმცა, ამავე დროს, იგი სწორედ ამ ფულად თანხებთან დაკავშირებით, ბრალდებულია სისხლის სამართლის წესით და მის წინააღმდეგ სასამართლო განხილვა მიმდინარეობს“, – განაცხადა გიგუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ეს არის სრული სამართლებრივი აბსურდი, როდესაც ერთი და იგივე საქმეზე ადამიანი სამოქალაქო დავებს იგებს და, ამავე დროს, ამავე თანხებთან დაკავშირებით ბრალდებულად არის ცნობილი.
„იმედი გვაქვს, პროკურატურას ეყოფა გონიერება, გაითხოვოს ბრალდება და შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე არჩილ ვეკუას მიმართ, ან ამავე ლოგიკით ბრალდებულად უნდა იქნეს ცნობილი თავად ალი რიზა კიზილდაგი, რომელმაც არჩილ ვეკუას კუთვნილი კომპანიის თანხები მიითვისა და ეს უკვე სასამართლომაც დაადასტურა თავისი გადაწყვეტილებით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ არჩილ ვეკუას სიმართლის დასამტკიცებლად“,- აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თურქ ბიზნესმენ ალი რიზა კიზილდაგსა და მის ქართველ პარტნიორს არჩილ ვეკუას შორის მიმდინარე სასამართლო დავას, რომლის ფარგლებშიც გაიჟღერა საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის სახელმა. აღნიშნულ სასამართლო პროცესებს ესწრებოდა ელჩის მოადგილე ფლორან დუბლერი. როგორც შვეიცარიის საელჩომ განმარტა, მათი დაინტერესება ამ პროცესით გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თურქი ბიზნესმენი ალი რიზა კიზილდაგი შვეიცარიის რეზიდენტია. არჩილ ვეკუას ადვოკატების ინფორმაციით, ალი რიზა კიზილდაგი წარსულში ნასამართლევია თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის და მან ასევე არაერთი ადამიანი დააზარალა საქართველოში სხვადასხვა თაღლითური ბიზნესპროექტებით. არჩილ ვეკუა კი მის მორიგ მსხვერპლს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები