ნარმანიამ შემოვლითი რკინიგზის შეჩერების მიზეზებზე ისაუბრა
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილეები სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლობის კანდიდატები დეპუტატებს უკვე წარუდგინა. შეხვედრის მსვლელობისასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერების საკითხით დაინტერესდნენ, რაზეც ნარმანიამ განმარტება გააკეთა და ის მიეზეზები ჩამოთვალა, რის გამოც რკინიგზის მშენებლობა შეჩერდა.
„მშენებლობის დროს დაფიქსირდა ადამიანის უფლების დაღვევის ფაქტები. ძალიან ბევრი მომჩივანი გყავთ, ვისაც მიწა უკანონო ჩამოართვეს, მათ შორის რკინიგზა გაყვანილია სახლებთან ძალიან ახლოს. მაგალითად, ავჭალის ტერიტორიაზე. ადამიანებს შუაზე გაუყავით მიწის ნაკვეთები. მეორე საკითხი უკავშირდება ქანობებს. პროექტში არ გქონდათ გათვალისწინებული ავჭალასა და მცხეთას შორის რკინიგზის დაკავშირების გზა – როგორი უნდა ყოფილიყო ბმა. ძალიან ბევრი ნაწილი დაიმეწყრა, რადგან გეოლოგიურად არ იყო შესწავლილი“, – განაცხადა ნარმანიამ.
ცნობილია, რომ დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს. როგორც პარტიაში აცხადებენ, მათ ვერ მიიღეს პასუხი, თუ რა გეგმის მიხედვით აპირებენ კანდიდატები ქალაქის მართვას.