სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართულ ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

ამის შესახებ მან მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს. ამის მიზეზი გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც წინა დღის განმავლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია. კერძოდ: მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რათა საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შესაძლებელია, გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით.

აქედან გამომდინარე, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. გუნდი, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა მათი გადაწყვეტილება, როგორც დღეს უკვე დისკუსიაში ჩვენთან ჩანდა, იყო საბოლოო და უმრავლესობაზეც იგივე პოზიცია დააფიქსირეს. კიდევ ერთხელ, ყოველგვარი ინტერპრეტაციისგან რომ დავცალოთ ეს გადაწყვეტილება, მათ მიაჩნიათ, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც გარეთ უნდა გამოვიდეს, საჯარო გახდეს, არ არის საკმარისი, რათა საზოგადოებამ სწორი დასკვნები გააკეთოს. სწორედ ეს იყო შეუთანხმებლობის ერთადერთი მიზეზი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები