ანდრეი კასიანოვი: უკრაინა ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მისწრაფებებს
უკრაინა ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, ასოცირებული ტრიოს ფარგლებში ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინულ მხარეს არასდროს უცდია და არ ცდილობს თავისი თანაბარუფლებიანი პარტნიორების არახელსაყრელ მდგომარეობაში დაყენებას.
„მინდა, რამდენიმე კომენტარი გავაკეთო, რომელიც ეხება საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას, რომელიც ადანაშაულებს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს ბატონ არახამიას, რომ ის ცდილობს, მოახდინოს საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების სტატუსის ბლოკირება. უკრაინა ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, ასოცირებული ტრიოს ფარგლებში, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. უკრაინულ მხარეს არასდროს უცდია და არ ცდილობს თავისი თანაბარუფლებიანი პარტნიორების არახელსაყრელ მდგომარეობაში დაყენებას.
უკრაინა არ აცხადებდა, რომ მას აქვს ექსკლუზიური სტატუსი ან რაიმე უპირატესობები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რიგში. საერთო მიზნები და ურთიერთმხარდაჭერა იყო ასოცირებული ტრიოს პრეზიდენტების ყურადღების ცენტრში, რომლებიც ერთი წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს. ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების შეურაცხმყოფელი და არამეგობრული რიტორიკა სამართლიანად იწვევს გაუგებრობას, იმედგაცრუებას და ზოგჯერ უკრაინული მხარის აღშფოთებას. ასეთი აგრესიული განცხადებები არ შეესაბამება საქართველოსთან ჩვენი მრავალწლიანი ძმური ურთიერთობების სულისკვეთებას და არანაირად არ ასახავს მეგობარი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას უკრაინას მიმართ“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.