რუსთაველის ქუჩის მოასფალტება სრულდება
ქალაქ კასპში, რუსთაველის ქუჩაზე მოასფალტების წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, საფეხმავლოების და გზისსაფარის მოასფალტების მიმდინარეობა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “საგზაოსამშენებლო სამმართველო N1“ აწარმოებს, რომელმაც სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმა. პროექტი 675000 ლარის ფარგლებში, „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დაფინანსდა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე არხები, ასევე სახლებში ეზოს შესასვლელები. ასფალტის ქვედა და ზედა ფენა კი შესაბამისად 6 სმ და 4 სმ სისქის წვრილმარცვლოვანი, მკვრივი ღორღოვანი ასფალტ-ბეტონის ცხელი ნარევით იგება.
მოასფალტდა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ფალიაშვილის ქუჩაც, რომელზეც ქალაქის N3 საჯარო სკოლა მდებარეობს. ასფალტის საფარი რუსთაველის ქუჩიდან გაგრძელდება ქალაქის ერთ-ერთი სასაფლაოს მისასვლელთან.
“დღეს ქალაქსა და სოფელში ბევრი გზაა მოსაწესრიგებელი, ვცდილობთ, ეტაპობრივად, კომუნიკაციებით გამართულ ქუჩებზე, ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ასფალტი დავაგოთ, მოვხრეშოთ გზები, მოვაწყოთ გარეგანათება. მოსახლეობამ ქუჩის მოასფალტების გამო მადლობა გადაგვიხადა. ჩვენი მიზანი და ვალდებულებაა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გვყავდეს კმაყოფილი და შევუქმნათ უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობები. რაც შეეხება მომავალს, კიდევ მეტი სამუშაოების განხორციელებას ვგეგმავთ”, – აღნიშნა გოჩა გოჩიტაშვილმა.