ჯანდაცვის მსოფლიო ქსელმა (WHN) “მაიმუნის ყვავილი” პანდემიად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ქსელმა (WHN) “მაიმუნის ყვავილი” პანდემიად გამოაცხადა.

ამის შესახებ ორგანიზაციის ვებსაიტზეა ნათქვამი.

ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის 58 ქვეყანაში “მაიმუნის ყვავილის” 3417 დადასტურებული შემთხვევაა.

აფეთქება სწრაფად ვრცელდება რამდენიმე კონტინენტზე.

ორგანიზაციამ მოუწოდა ქვეყნებს და გლობალურ ჯანდაცვის ორგანოებს, მიიღონ სასწრაფო და ეფექტური ზომები.

“ეს აფეთქება არ დასრულდება შეთანხმებული გლობალური მოქმედების გარეშე. სიკვდილიანობის ბევრად უფრო დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაშიც კი, ვიდრე ჩუტყვავილას შემთხვევაშია, თუ არ იქნა მიღებული ზომები გავრცელების შესაჩერებლად, მილიონობით ადამიანი დაიღუპება და კიდევ ბევრი გახდება ბრმა და შშმ პირი”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ, ზომების დროული მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დაავადების გავრცელების კონტროლი.

ორგანიზაცია გამოდის რეკომენდაციით დაიწყოს საზოგადოების ინფორმირება, სიმპტომების შესახებ, გაიზარდოს ტესტირების ხელმისაწვდომობა და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების მოძიება.

ჯანდაცვის ქსელში აღნიშნეს, რომ ბავშვებში დაავადების ნებისმიერი გავრცელება გამოიწვევს ბევრად უფრო მძიმე შემთხვევებს და მეტ სიკვდილს. ასევე, ვითარებას გაართულებს ცხოველების, განსაკუთრებით – ვირთხების და სხვა მღრღნელების, ასევე, შინაური ცხოველების დაინფიცირება.

WHN-მა “მაიმუნის ყვავილის” პანდემია ჯანმო-ს დღევანდელ სხდომამდე გამოაცხადა.

როგორც ეპიდემიოლოგმა და ჯანდაცვის ეკონომისტმა და WHN-ის თანადამფუძნებელმა, ერიკ ფეიგლ-დინმა თქვა, “ჯანმო-მ სასწრაფოდ უნდა გამოაცხადოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები