ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გულისხმობს უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას.
ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
რეზოლუციას მხარი 529-მა დეპუტატმა დაუჭირა, 45 წინააღმდეგი იყო, 14-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტში პარლამენტარები მოუწოდებენ ევროპის საბჭოს, უკრაინასა და მოლდოვას „დაყოვნების გარეშე“ მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
იგივე რეკომენდირებულია საქართველოსთვის „როდესაც მისი მთავრობა შეასრულებს” ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს.
ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კონტექსტში, ეს ნაბიჯი იქნება ლიდერობის, მონდომების და ხედვის დემონსტრირება. ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე „სწრაფი გზა“ არ არსებობს და რომ გაწევრიანება რჩება სტრუქტურირებულ და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დაცვას და დამოკიდებულია რეფორმების ეფექტურ განხორციელებაზე.
ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ხელისუფლებებს “ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების რეალიზაციისთვის”, დააჩქარონ რეფორმები, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეასრულონ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს, რომელიც „როგორც არასდროს არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია“ სტაბილურ, ძლიერ და გაერთიანებულ ევროკავშირში.