პარლამენტმა სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა და კენჭისყრის შედეგად „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი 75 ხმით, 15-ის წინააღმდეგ, ხოლო „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი – 74 ხმით, 17-ის წინააღმდეგ მიიღო.
პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ვახტანგ ბაჩიაშვილმა საკითხის წარდგენისას განაცხადა, რომ საკანონმდებლო პაკეტი ბათუმში ავარიული ბინების პრობლემის გადაჭრას ემსახურება. მისი თქმით, სახლების დიდი ნაწილი, რომლებიც გამაგრებას არ ექვემდებარება და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ ამ დროისთვის მომზადებულია 118 ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საექსპერტო დასკვნა, რომლებიც წარმოადგენს საფრთხის შემცველ საცხოვრისს, რომლებშიც დაახლოებით 3000 ოჯახი ცხოვრობს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, შემუშავებული იქნა ავარიული სახლების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის 4 წლიანი პროგრამა, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული იქნა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამაც, მაგრამ მხოლოდ ამ პროგრამების გამოყენებით, მასშტაბურობიდან გამომდინარე, საკითხის საბოლოო გადაწყვეტა ვერ განხორციელდება და შესაბამისად, მიზანშეწონილია საკითხის გადაწყვეტა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მხარდაჭერით, მათ შორის, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების ჩართულობით მოხდეს.
სწორედ აქედან გამომდინარე მომზადდა ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში. კანონპროექტით, შემოდის ასევე რეგულაცია, რომლის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტება შესაძლებელი გახდება ბათუმის მერის გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად, ვიდრე დამტკიცდება ბათუმის გენგეგმა. საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, პრობლემა მასშტაბურია, მოსაგვარებელია, მაგრამ არსებობს გარკვეული რისკებიც, რაც მუნიციპალიტეტის მერისთვის ერთპიროვნული უფლებამოსილების მინიჭებას უკავშირდება, შესაბამისად, სხდომაზე გამოითქვა შენიშვნები. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ გარკვეული შენიშნები უკვე გაითვალისწინეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არიან დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებზეც გააგრძელონ მუშაობა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ ყველა პრობლემური საკითხი არ იქნება დახვეწილი და ყველა რისკი არ იქნება დაზღვეული, კანონპროექტი საბოლოო მხარდაჭერას ვერ მიიღებს, პრინციპების დონეზე კი მას მხარი უნდა დაუჭირონ.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მიიღეს.