დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.
პირველი მოსმენით წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს მიზნად ისახავს ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავარიული შენობების ლიკვიდაციას და მათ ჩანაცვლებას თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და უსაფრთხო საცხოვრისი გარემოს შექმნას, ასევე ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმერ მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება 1416 მუხლი, რომლითაც წესრიგდება სახელმწიფო მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისა და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი ანდა მრავალფუნქციური სახლების მშენებლობის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებები, რაც გამოიხტება იმაში, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაძლებელი იქნება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება. ასევე, დადგენილი განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი ანდა განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი ბათუმის მერის გადაწყვეტილებით შეიძლება გადამეტებულ იქნეს განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე. წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონში.
კომიტეტის წევრების მიერ განხილულ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოითქვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მეორე კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საჭირო შემთხვევაში უძრავი ქონების ექსპროპრიაციას გულისხმობს.
„ცალსახად ექსპროპრიაცია არ არის სწორი ფორმა, რადგან ბინების მშენებლობა არ არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. აქედან გამომდინარე, უნდა მოვძებნოთ შესაბამისი ფორმა, მაგალითად ვნახოთ თბილისის მოდელი როგორია ასეთ შემთხვევაში და რეკომენდაციის სახით შევთავაზოთ ინიციატორებს, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა. კომიტეტმა კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა იმ დათქმით, რომ გამოთქმული შენიშვნები მეორე მოსმენისთვის გათვალისწინებული იქნება.