ირაკლი ზარქუა – „ნაციონალურ მოძრაობას”: თქვენ არ გაქვთ ლეგიტიმაცია, რომ ევროპულ გზაზე იყოთ ფლაგმანის როლში! არა, ბატონები, ეს საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა, რომელსაც მმართველი პარტია მხარს უჭერს
„გუშინდელ აქციაზე თქვენ ცხადად უარი გეთქვათ, რომ თქვენ არ გაქვთ ლეგიტიმაცია ევროპულ გზაზე იყოთ ფლაგმანის როლში! არა ბატონებო, ეს საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა, რომელსაც მმართველი პარტია მხარს უჭერს, გვერდში უდგას და კონსტიტუციაშიც კი ეს გაწერა. გუშინ იყო თქვენს მიმართ მოსახლეობის მხრიდან დამოკიდებულების კიდევ ერთი ლუსტრაცია”, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, გუშინდელ აქციაზე იყო განსხვავებული მრწამსის, განსხვავებული მსოფლმხედველობის უამრავი ადამიანი, რომლებიც ერთიანად, მშვიდობიანად, ევროინტეგრაციის მხარდამჭერები არიან.
„მინდა ევროკავშირს მივმართო, რომ საქართველოს მოსახლეობა ვინც მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, 20–ჯერ, 30-ჯერ მეტნი ვართ. ბოლო კვლევებით 85%-ზე მეტი. ასე, რომ ეს გზა გასავლელია, ჩვენ გავივლით ამ გზას და ევროკავშირის წევრი გახდება საქართველო. თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ მინდა ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდა ეს აქცია თავისზე გაეფორმებინა და ამისთვის ბევრი იშრომა ორგანიზაციულ ნაწილში, შემდეგ მოხდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. ტრიბუნაზე არ აუშვეს არც ერთი ლიდერი იქაურმა ახალგაზრდებმა და მადლობა მათ ამისთვის. და მეორე მნიშვნელოვანი დეტალი – ის ბანერი პატიმარ სააკაშვილზე რომ აიტანეს უკან „ჩამოაბუნძულებინეს” ისევ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, გუშინ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ პროცესი რევოლუციურ სცენარში გადაეზარდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.
„ჩვენ, საქართველოს მთავრობას 11-ნახევარი პუნქტი აქვს შესასრულებელი, თქვენ გაქვთ ნახევარი პუნქტი. ეს არის, რომ რამენაირად გაჩუმდეთ. ეს ღვარძლი, ეს ბოღმა ეს შეურაცხმყოფელი განცხადებები რამენაირად მოთოკოთ. ეს მაინც შეასრულეთ. დანარჩენს ჩვენ შევასრულებთ”, – ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ყველა ნაბიჯი, რაც „ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, მიმართულია იქით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპას კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს.
„დიახ, საქართველო, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილთან, კახა კალაძესთან ერთად, ჩვენს გუნდთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად, მივიღებთ სტატუსსაც და ევროკავშირის წევრობასაც”, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა.