რატი იონათამიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვარ, არასდროს მიკადრებია, რომ კომიტეტის პოლიტიზება მეცადა
“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი დღევანდელ აქციას უერთდება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
იონათამიშვილის თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია.
“მიუხედავად იმისა, რომ პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვარ და ამავდროულად, “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, არასდროს მიკადრებია, რომ კომიტეტის პოლიტიზება მეცადა, ან პირადი პიარისთვის გამომეყენებინა კომიტეტის წარმატება, რადგან საკუთარ იმიჯზე მეტად ვუფრთხილდები პარალიმპიური მოძრაობის და კომიტეტის იმიჯსა და რეპუტაციას.
კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის და ფეიკნიუსების გავრცელება!
გასაგებია, რომ უკვე ისე უჭირთ, ასეთი სიცრუით და ტყუილებით ცდილობენ ყალბი აღქმების შექმნას, მაგრამ მინიმუმ ძალიან უხერხულია ასეთი ტყუილის კადრება, რეალურად კი, ეს არის დანაშაული! ამიტომ, აუცილებლად მოგიწევთ ყველაფერზე პასუხის გაცემა!”, – წერს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, პარალიმპურმა კომიტეტმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და საქართველოს პარალიმპიური ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობა.