ირაკლი კობახიძე – რადიკალურ ოპოზიციაზე: დღევანდელ აქციაზე არეულობის პირველი მცდელობა ექნებათ, რისი საბოლოო წერტილიც არის ქვეყნის ომამდე მიყვანა

ევროკომისიის ნომერ პირველი რეკომენდაცია იყო პოლარიზაციის შემცირება, თუმცა, ხედავთ, რომ პირველივე წუთებიდან რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ პოლარიზაციის ხარისხი გაიზარდოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას დღევანდელ აქციაზე არეულობის პირველი მცდელობა ექნება, რისი საბოლოო წერტილიც არის ქვეყნის ომამდე მიყვანა, თუმცა, ვერც არეულობის სცენარი და ვერც ომის წარმატებული ვერ იქნება.

„მათ შორის, შეგახსენებთ, რომ 19 აპრილის შეთანხმების დეკლარირებული ამოცანაც იყო პოლარიზაციის შემცირება, თუმცა, ვიდრე დოკუმენტის ანულირება მოხდებოდა, ოპოზიცია მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებდა. ამ შემთხვევაშიც, ევროკომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ ამას ველოდით, პროგნოზები გვქონდა ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა, ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც ექნებათ დღეს, დღევანდელ აქციაზე. ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რასაც ნატრობენ საქართველოში, თუმცა რა თქმა უნდა, ვერც არეულობის სცენარი იქნება წარმატებული და ვერც ომის სცენარი, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს.

მათი განზრახვა არის პოლარიზაცია გააღრმაონ, რათა შექმნან საფუძველი არეულობისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებისთვის და, საბოლოოდ, ქვეყნის ომამდე მიყვანისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სცენარი წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები