ლევან ქარუმიძე და ხატია წილოსანი ევროპარლამენტარ ულრიკე მიულერს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და კომიტეტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი ევროპარლამენტის წევრს, ულრიკე მიულერს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები, ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული რეფორმების დღის წესრიგი და ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი მიმოიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს.
შეხვედრის დასასრულს ულრიკე მიულერმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი შეხვედრისთვის და ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.