ირაკლი კობახიძე: ყველამ ძალიან კარგად იცის, არახამია ვისთან არის დაკავშირებული პარტიულად, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი დაფრთიანებულია
ყველამ ძალიან კარგად იცის, არახამია ვისთან არის დაკავშირებული პარტიულად, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი დაფრთიანებული, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ უკრაინის რადას დეპუტატის, დავით არახამიას განცხადებაზე იმის შესახებ, თითქოს, რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს იყენებენ სანქციების გვერდის ასავლელად.
მისი თქმით, არახამიას განცხადებები კონკრეტულ მომენტებს ემთხვევა.
„არახამიას განცხადებები მაშინაც რაღაც კონკრეტულ მომენტებს ემთხვეოდა. ახლაც ეს განცხადებები კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ორი დღით ადრეა გაკეთებული. რას ემსახურება ეს ყველაფერი, ძალიან კარგად შეიძლება, ამაზე იმსჯელოს საზოგადოებამ. არახამია ვისთან არის დაკავშირებული პარტიულად, ესეც ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი დაფრთიანებულია. საზოგადოებამ იმდენად ყველაფერი იცის არახამიასთან დაკავშირებით, რომ მგონი მეტი კომენტარის გაკეთება არც არის საჭირო. შეგახსენებთ, რომ წინაზეც იყო რაღაც ბრალდებები და მერე ბოდიშიც კი არ მოუხდიათ, როდესაც ეს ბრალდებები არ დადასტურდა. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ არ იყო ასეთი რამ, მაგრამ პრევენციისთვის დაუბრალებია თურმე ჩვენთვის რაღაც კონტრაბანდის წარმოება. კატასტროფაა ახლა ასეთი განცხადება, მით უმეტეს როდესაც წინაზე გაქვს იგივე გაკეთებული, მტკიცებულება ვერ მოიტანე და მერე პირიქით ის თქვი, რომ მტკიცებულებაც არ გქონდა, ფაქტიც არ იყო, მაგრამ პრევენციისთვის გააკეთეს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.