გია ცაგარეიშვილი: ჩვენ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავვახლოვებოდით ევროპას
ჩვენ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავვახლოვებოდით ევროპას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციის პარალელურად ახერხებდა.
„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც, იმისთვის რომ ხელშესახები შედეგი ყოფილიყო. ჩვენ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავვახლოვებოდით ევროპას. 2024 წელს ვაპირებდით შეგვეტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსზე. ამისთვის ჩვენ ვასრულებდით ე.წ. საშინაო დავალებას, ასოცირების დღის წესრიგს ვგულისხმობ და თითქმის 50% შესრულებულია. რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს რეფორმები და ჩვენ ვემზადებოდით 2024 წლისთვის. უკრაინაში დაწყებულმა ამ უბედურებამ ყველაფერი დააჩქარა. ჩვენ მოგვთხოვეს კითხვარის შევსება, რაც უმოკლეს დროში შევავსეთ და გულწრფელად აღვნიშნეთ ის, რაც არის მიღწეული და ისიც, რაც ჯერ მიუღწეველია“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.