ირაკლი კობახიძე: 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, ამ დროს ვხედავთ, 300 კაცი მიდის აქციაზე, სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ცუდად ეს ყველაფერი

ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო აქცია, საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და დღეს აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, პლუს პოლიციელები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივით ევროპის მოედანზე გამართულ აქციას.

მისი თქმით, 300 კაციანი აქცია სრულიად აცდენილია იმ რეალობას, რაც საქართველოშია.

„ჩვენი განმარტება რაც იყო ის გამართლდა, ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო აქცია, საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და დღეს აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, პლუს პოლიციელები. როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ ვიღაცას უნდა შეეკითხო. ელემენტარული ტექნიკური მხარე რომ ავიღოთ, ვიღაცას ხომ უნდა გაეფრთხილებინა მერია იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდულიყო მოძრაობა. არც მოძრაობა იყო შეზღუდული, ხალხიც არ იყო მისული.

300 კაციანი აქცია ეს არის სრულიად აცდენილი იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. 3 700 000 ქართველიდან 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას ანუ 3 500 000-მდე უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე, სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ცუდად ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გამართა. აქციაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. კერძოდ, „ლელოს“, „მოქალაქეების“ და პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ წევრები. ამასთან, დღევანდელ აქციას შეუერთდნენ დიპლომატებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები