შალვა პაპუაშვილი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრეას ნორლენს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე.
უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა შვედეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. მან, ასევე, ხაზი გაუსვა შვედეთის მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეტანილ განაცხადზე ისაუბრა, ასევე, მიმოიხილა საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის.
საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.