საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ და თურქ კოლეგებთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს დრაგომირ ზაკოვსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რუსეთის აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება იყო. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რომელმაც რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. შეხვედრებზე განსაკუთრებით აღინიშნა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ორმხრივი შეხვედრების დროს ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარელ და თურქ კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, საუბრის თემა იყო ევროატლანტიკური მისწრაფებები და საერთაშორისო სამშვიდობო მისებში საქართველოს წვლილი. ჰულუს აკართან საუბრის დროს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა. მან თურქ კოლეგას გააცნო თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები; ისაუბრა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის წვლილზე, პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობაზე.

ჯუანშერ ბურჭულაძემ და დრაგომირ ზაკოვმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, საუბარი შეეხო ნატოში გაწევრიანების გზაზე ბულგარეთის მხარდაჭერას. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს, ქართველი სამხედროების წვრთნისა და განათლების ხელშეწყობას. ნატოს თავდაცვის მინისტერიალში საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები