გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 4 432 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 499 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, დაღუპულთა შორის 1 693 მამაკაცი, 1 138 ქალი, 103 გოგონა და 106 ბიჭია. ასევე, 68 ბავშვი და 1 324 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია.
ამასთან, დაშავებულებს შორის 1 123 მამაკაცი, 780 ქალი, 124 გოგონა და 159 ბიჭი იყო. ასევე, 173 ბავშვი და 3 140 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია.
სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით, მათ შორის სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, გადაიდო და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დასადასტურებელია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო.