მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

2026 წლის 15 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, მაიკლ ო’ფლაერტისთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.

მაკა ბოჭორიშვილმა ადამიანის უფლებათა კომისარს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარების თაობაზე.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობაზე და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და მოინახულა სოფელ წეროვანის დევნილთა დასახლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები