ლევან ღირსიაშვილი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მსმენელებს, კურსდამთავრებულებსა და ადგილობრივ ტრენერებს შეხვდნენ
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მსმენელებს, კურსდამთავრებულებსა და ადგილობრივ ტრენერებს შეხვდნენ.
მარიამ კობიაშვილმა დამსწრეებს ქართული ენის დღე მიულოცა და სკოლის საქმიანობის ორ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა. ამასთანავე, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში სკოლის მიერ შემუშავებულ ახალ კურსებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სწავლების
ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართული ენის პოპულარიზაციის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები.
შეხვედრის დასასრულს, ლევან ღირსიაშვილმა და მარიამ კობიაშვილმა ჟვანიას სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.