“სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, ბრიუსელი დღეს კანდიდატ ქვეყნებს უფრო მეტ პრობლემას უქმნის, ვიდრე მხარს უჭერს” – პაპუაშვილი
“სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, ბრიუსელი დღეს კანდიდატ ქვეყნებს უფრო მეტ პრობლემას უქმნის, ვიდრე მხარს უჭერს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
ამასთან, როგორც პაპუაშვილი განმარტავს, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდება ორმხრივ ურთიერთობებზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, სტამბოლში, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეა გაიმართება, ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებსაც.
„მექნება შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან. რა თქმა უნდა, მასთან, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან, გვექნება საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ აქვთ, როგორ მიდის მათთან ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ასევე, გვექნება შესაძლებლობა , ევროკავშირის წვერი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებსაც შევხვდეთ. გვექნება საუბარი იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რომელსაც ვაკვირდებით. სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად და მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, რაც ვფიქრობ, არასწორია და ევროკავშირის შიგნიდან უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები. სამწუხაროდ, ბრიუსელი დღეს უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხრივ, წევრი ქვეყნების პარლამენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ასევე, შეხვედრა გვექნება ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან, ემირატების, საუდის არაბეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან, საუბარი გვექნება ეკონომიკურ ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.