კულტურის კომიტეტი საკომიტეტო მოკვლევას იწყებს
პარლამენტის კულტურის კომიტეტი საკომიტეტო მოკვლევას იწყებს თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების – საფორტიფიკაციო ნაგებობების ფიზიკური აღდგენა – რესტავრაცია და ფუნქციური რევიტალიზაცია”.
საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია დეპუტატებს კულტურის კომიტეტის წევრმა და აღნიშნული თემატური მოკვლევის მთავარმა მომხსენებელმა ალექსანდრე ელისაშვილმა გააცნო.
„ვართ პატარა ქვეყანა, მაგრამ ჩვენი წარსულიდან გამომდინარე გვაქვს ძალიან ბევრი საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომელიც რეალურად არის მძიმე მდგომარეობაში და დიდი ნაწილი ფიზიკური განადგურების საფრთხის ქვეშაა. ამ მოკვლევის მიზანია, მოვიფიქროთ მართვის მოდელი, აღვწეროთ რეალობა, გავეცნოთ ამ ტიპის მემკვიდრეობის მართვის უცხოურ მაგალითებს და შემდეგ შევთავაზოთ ხელისუფლებასაც, საზოგადოებასაც და კერძო კაპიტალსაც, თუ როგორ შეიძლება უკეთ ვმართოთ. ამოსავალი წერტილი ამ მართვის არის ის, რომ ფიზიკურად გადარჩეს ნაგებობა და ფიზიკურ გადარჩენასთან ერთად, შეიძლება გაჩნდეს უამრავი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საკომიტეტო მოკვლევაში ჩართული იქნებიან კულტურის კომიტეტის სხვა წევრებიც.
ასევე, მასში მონაწილეობის საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა. კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის განცხადებით, თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნა კულტურის კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული.
„საკითხი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, გველოდება საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა. ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.