“გემრიელია და წერტილი” – რუსეთში McDonald’s-ის რესტორნების ქსელს ახალი სახელწოდება აქვს

McDonald’s-ის რესტორნების რუსულ ქსელებს, რუსეთიდან ბრენდის გასვლის შემდეგ, “გემრიელია და წერტილი” (“Вкусно и точка”) დაერქვა.

ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლეგ პაროევმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მოსკოვსა და მოსკოვის გარეუბანში 12, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 50 რესტორანი იხსნება, ხოლო თვის ბოლოსთვის 200-მდე.

“ვკუსნო ი ტოჩკას” ვიზიტორებს “მაკდონალდსის” სრულ მენიუზე წვდომა არ ექნებათ “ლოგისტიკური სირთულეების” და “რესტორნების რეკორდულ დროში გახსნის” გამო. დირექტორის თქმით, პირველ ეტაპზე არ იქნება Big Mac-ი და ნაყინი McFlurry-ი.

McDonald’s-ი​ იმ უცხოურ კომპანიებს შორის იყო, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის ბაზარზე მუშაობის შეჩერების შესახებ განაცხადეს, თუმცა თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემას აგრძელებდა.

მაისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ “მაკდონალდსმა” რუსეთის დატოვება გადაწყვიტა. რესტორნების ქსელი კუზბასელმა მეწარმემ, ალექსანდრე გოვოროვმა იყიდა, რომელიც 2015 წლიდან ციმბირში ფრენჩაიზის საფუძველზე 25 რესტორანს მართავდა.

დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მყიდველი პერსონალს და მუშაობის პირობებს, სულ მცირე ორი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები