არჩილ თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობის“ პარტნიორების მიერ რეზოლუცია მომზადდა, თუმცა, კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს
სამწუხაროა, რომ ასეთი რეზოლუცია გარკვეული ლობირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორების – „ევროპული სახალხო პარტიის“ მიერ მომზადდა და იყო ინიცირებული, თუმცა, ეს გადაწყვეტილებას არ ნიშნავს. გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამართლიანად და ობიექტურად იმსახურებს.
“რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამას ქვეყანა სამართლიანად, ობიექტურად იმსახურებს იმ პროგრესის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში აქვს და რაც ასახულია ევროსაბჭოსა და ევროპის კავშირის შეფასებით ანგარიშებში. არსებობს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც პირდაპირ ასახულია საქართველოს პროგრესი. მოველით, რომ ევროკავშირი პრინციპულად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
სამწუხაროა, რომ ასეთი რეზოლუცია გარკვეული ლობირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორების – „ევროპული სახალხო პარტიის“ მიერ მომზადდა და იყო ინიცირებული, თუმცა ეს გადაწყვეტილებას არ ნიშნავს. გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს.
არაფერი გასაკვირი არ იქნება, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი კონკრეტული გეგმით მიენიჭება, ეს ევროკავშირის პრაქტიკაა, როცა ყველა ქვეყანამ, ვინც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში კანდიდატის სტატუსი მიიღო, მიიღო გარკვეული რეფორმების პირობებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.